среда, 29 марта 2017 г.

გიორგი ლეონიძის აკრძალული სიყვარულის ისტორია

მომავალი მეუღლე, თავადური წარმოშობის ეფემია გედევანიშვილი გიორგი ლეონიძემ 1919 წელს, თავისი დის ოჯახში გაიცნო. ბედის ირონიით, ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც პირველი დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა, პოეტის დის მული აღმოჩნდა...

ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ლეონიძე 1899 წლის 27 იანვარს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში დაიბადა. 2 წლის იყო, როცა მამა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი ნიკო ლეონიძე გარდაიცვალა. გიორგისა და მისი ოთხი და-ძმის აღზრდა დედას - სოფიო გულისაშვილს დააწვა მხრებზე. 
1913 წელს გოგლამ თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა. მისი სემინარიელი მეგობარი ვასილ გიორგაძე იხსენებს: „სემინარიაში შემოსვლისას გოგლა იქნებოდა თხუთმეტი წლისა... ახალგაზრდა სემინარიელის გარეგნობაში ყველაზე მიმზიდველი იყო მისი გამოხედვა. ოდნავ დაფიქრებული, ცისფერი თვალებით და უაღრესად თავისებური გამომეტყველებით, გოგლას ათას ტოლში ადვილად გამოარჩევდით. ჩუმი და წყნარი, ოდნავ გაუბედავი, მოკრძალებული ხასიათით თავიდანვე იპყრობდა როგორც უმცროსი, ისე უფროსი ამხანაგების ყურადღებას“. 
გოგლამ პირველი პოეტური ნათლობა ვაჟა-ფშაველასგან მიიღო. როგორც თავად იხსენებდა, „მთის არწივმა“ ძლიერი, დამსკდარი ხელი თავზე დაადო და პოეზიისკენ სავალი გზა დაულოცა.

1911 წლიდან პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები და წერილები. 1918 წელს პოეტი „ცისფერყანწელებს“ დაუახლოვდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ეფემია გედევანიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისი.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად მთვარელიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გოგლასა და ეფემიას თავიდან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა დიდი სიყვარული და მეგობრების თანადგომა სირთულეების დაძლევაში დაეხმარათ.

მომავალი მეუღლე, თავადური წარმოშობის ეფემია გედევანიშვილი გიორგიმ 1919 წელს, თავისი დის ოჯახში გაიცნო. ბედის ირონიით, ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც პირველი დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა, პოეტის დის მული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეფემიასაც მოეწონა ახალგაზრდა პოეტი, მაგრამ მისი მშობლები ამ ურთიერთობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. 
რასაკვირველია, გოგლა და ეფემია სისხლით ნათესავები არ იყვნენ, მაგრამ რაღაც ნათესაური კავშირი მაინც არსებობდა. ამიტომ ეფემიას მშობლები ქორწინებას არ თანხმდებოდნენ.

ტიციან ტაბიძის მეუღლის ნინოს მოგონებებში ვკითხულობთ: „პაოლოს ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და ტიციანმა განათლების კომისარიატში შევიარეთ, სადაც გიორგი ლეონიძე მუშაობდა. დერეფანი რომ გავიარეთ, ფანჯარასთან მტირალი გოგონა დავინახეთ. ტიციანს დავანახე. ეს ის გოგონაა, გოგლას რომ უყვარსო, მითხრა. გოგლასთან რომ შევედით, მაშინვე ისა ვკითხე, ფეფიკო რატომ ტიროდა-მეთქი. მის მშობლებს გაუგიათ, ერთმანეთი რომ გვიყვარს და ძალზე უკმაყოფილონი არიანო. თუ მართლა გიყვარს, ადექი და ჯვარი დაიწერე!… მოდი, დღესვე მოვიტაცოთ… მართლაც, ჩვენ ფეფიკო თავის მეგობართან წავიყვანეთ და დავმალეთ. ტიციანი ვახშმის გასაწყობად და სტუმრების დასაპატიჟებლად „ქიმერიონში“ გაიქცა. გოგლა და მე კი ბეჭდის საყიდლად გავვარდით ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ, საუბედუროდ, ბეჭედი ვერსად ვიშოვეთ. მაშინ ჩვენი ბეჭდები შევთავაზე. გოგლამ და ფეფიკომ სიონში დაიწერეს ჯვარი ჩვენი ბეჭდებით. ჯვრისწერის შემდეგ „ქიმერიონში“ მივედით ეტლით, ჩამოსვლისთანავე ახლად დაქორწინებულთ ბეჭდები მოვხსენით და მეეტლეს მივეცით, რადგან ფული არ გვქონდა. მერე ეს მეეტლე ერთი თვე დაგვდევდა, რომ ბეჭდები გამოგვესყიდა...“ 

წყვილისთვის ჯვარი მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს სიონის ტაძარში დაუწერია. ქორწილი კი ცისფერყანწელებს „ქიმერიონში“ გადაუხდიათ. საქორწინო სუფრას პაოლო იაშვილი თამადობდა, ხოლო სუფრაზე საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი მღეროდა.

ყველა დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ლეონიძეების მშვენიერი ოჯახი შეიქმნა, რომელიც მეგობრობის ერთგვარ კერად იქცა. აქ ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები და მწერლები. სტუმრები დიდ ყურადღებას გრძნობდნენ გოგლას მშვენიერი მეუღლისგან. თავის მოგონებებში შალვა აფხაიძე წერს: „გიორგი ხშირად მეტყოდა, წამოდი, ვისადილოთო. წავყვებოდი შინ და იწყებოდა ფეფიკოს ფაციფუცი. ჩემი მეგობრობა ამ მხრივ მეტ ჯაფად აწვებოდა დიასახლისს. ის დრო წარმტაცი და ნათელი იყო“.
1931 წელს ცისფერყანწელთა ჯერ ისევ ბედნიერ საძმოს განსაკუთრებით ძვირფასი მეგობარი ბორის პასტერნაკი სტუმრობდა. რუსი პოეტი აღფრთოვანებული დარჩა გოგლას მეუღლის შინაგანი სამყაროთი და მშვენიერებით, რადგან კარგად ხედავდა, რომ ეფემია, ერთი მხრივ, განასახიერებდა ბრძენ, ლამაზ, ზრდილობიან და პატიოსნებით აღსავსე ქართველ ქალს, ხოლო, მეორე მხრივ, ის იყო ცოლი გამოჩენილი პოეტისა და მზად იყო, ეკეთებინა ყველაფერი, რაც მის მეუღლეს სახელსა და დიდებას მოუტანდა. 1945 წლის 1-ელ ნოემბერს ტიციან ტაბიძისთვის გამოგზავნილ ბარათში პასტერნაკი საქართველოში გატარებულ ზაფხულზე საუბრობს და განსაკუთრებული მოწიწებით ეფემიას იხსენებს. „გახსოვთ, წინა ღამე ლეონიძეებთან გავატარე. გადავწყვიტე, უკანასკნელი საღამო წყნარად გამეტარებინა, მაგრამ ძალით წამიყვანეს საგურამოში და თბილისში 3 საათზე დავბრუნდით. ცოცხალ-მკვდარი ჩავედი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ეფემია ალექსანდრეს ასული ბევრს მღეროდა და ერთი მშვენიერი, ლაბირინთივით ჩახლართული მეგრული სიმღერა „ოუ ნანა“ მასწავლა. ახლა, როცა მანდ გატარებულ ორ კვირას, ეფემია ალექსანდრეს ასულს და თქვენ გიხსენებთ, სულ იმ სიმღერას ვღიღინებ“. 

ცნობილია, რომ გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი მუზა ქართველი მსახიობი და ულამაზესი ქალბატონი თამარ ციციშვილი იყო. 
სწორედ მასზე თქვა პოეტმა: „თუმც გლეხის ჩითში ის იმალება, / მაინც მიაგნებს პოეტის თვალი, / დგას სილამაზის გაბრწყინვალება / ხელში დამბაჩით თავადის ქალი“.პოეტის დამოკიდებულების შესახებ თამარ ციციშვილის ახლობლებმაც იცოდნენ. გოგლა ხშირად სტუმრობდა მსახიობის ოჯახს და მის მეუღლესთან დიმიტრი გედევანიშვილთან მეგობრობდა. შესაბამისად, ამ ურთიერთობაში დასაძრახი და მიუღებელი ვერაფერი იქნებოდა. მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ თამარ ციციშვილის შთაგონებით შექმნილი ლექსებისგან განსხვავებით, ჩვენამდე ვერ მოაღწია ეფემია გედევანიშვილისთვის მიძღვნილმა გოგლას ლექსებმა.  

რაც შეეხება ულამაზეს მსახიობთან და ღირსეულ ადამიანთან თამარ ციციშვილთან გოგლას ურთიერთობას, თამარს ჰყავდა არაჩვეულებრივი ქმარი და შვილები. ის დიდი ოჯახის ღირსეული ქალბატონი ბრძანდებოდა. ცნობილია, რომ თამარ ციციშვილს თოლიას ეძახდნენ, გოგლას კი ბევრი ლექსი აქვს დაწერილი თოლიაზე. თუნდაც ეს: დაედაიწვას გულისფიცარიდარჩეს ნაცარი - სხვა რა ღონეაშენა ხარ ჩემი დასაფიცარი / ჩემს გულზე მქროლითეთრი თოლიათუ ვარ ზღვასავით აღვარებულიმიტომრომ გული ტალღის ტოლიამეცავყოფილვარ შეყვარებულიმეც მყვარებიამეც მითრთოლია!

მაგრამ ეს არ იყო მიჯნურობა. მსახიობი პოეტის შემოქმედებითი მუზა იყო და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი ვიცით.  არსებობს ნათია მეგრელიშვილის მშვენიერი წიგნი „მოდი, გეძახი ათას წლის მერე“, რომელშიც ამ თემაზეც არის საუბარი. წიგნში მსახიობის და პოეტის ოჯახის წევრები და ახლობლები ერთხმად ამბობენ, რომ ეს იყო შემოქმედებითი ურთიერთობა, რომელიც ნებისმიერ პოეტს სჭირდება. თამარ ციციშვილის შვილები სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ გოგლას მითს: მანანა მშვიდად და რომანტიკულად, მიშიკო კი პირიქით, ამბობდა, - გოგლას ვერ ვიტანდი. აბა, წარმოიდგინე, რომ დედას ვიღაც ეარშიყებაო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. 

რაც შეეხება ეფემიასთვის მიძღვნილ ლექსებს, 1936 წელს გიორგი ლეონიძემ სიჭაბუკეში დაწერილი ლექსები სათუთად შეკრიბა, მოზრდილ რვეულში გადაიტანა და ეფემიას უძღვნა. უცნობია, სად და რა ვითარებაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რვეული ოჯახიდან დაიკარგა, ამიტომ ეფემიასთვის მიძღვნილი ლექსები აღარ გვაქვს. თუმცა, ცნობილია, როგორ ეძვირფასებოდა პოეტს ყველაფერი, რაც ეფემიასთან აკავშირებდა. პოეტის მეუღლე სოფელი გოროვანიდან იყო. მკვლევარი მარკოზაშვილი იხსენებს: ერთხელ გოგლამ მცხეთაში წაიყვანა მხატვარი უჩა ჯაფარიძე და დაახატინა სახლი, სადაც ახალგაზრდობის დროს ეფემიას ხვდებოდა. 
სურათს პოეტმა ასეთი წარწერა გაუკეთა: „ვუძღვნი ჩემს მეგობარ ფუფუცის 1919-20 წლების სამახსოვროდ და მოსაგონებლად ჩემ მიერ საგანგებოდ დაკვეთილ სურათს. გოგლა, 2 აპრილი, 1943 წელი.“ 
აღსანიშნავია, რომ დედისეულ პატარძეულთან ერთად, პოეტი არც ამ ადგილს ივიწყებდა და ყოველთვის ადიოდა. როცა ეფემია გარდაიცვალა და მისთვის საფლავის ადგილის შერჩევაზე ბჭობდნენ, გადაწყდა, რომ ის უნდა დაკრძალულიყო პატარძეულში, იმ სახლის ეზოში, სადაც გიორგი ლეონიძე გაიზარდა.

გიორგი ლეონიძე 1966 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილი გიორგი ქავთარაძე იხსენებს: „ბაბუა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან სიცოცხლის ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახლდათ. ავადმყოფობამდე ერთი კვირით ადრე ნიკო ბერძენიშვილის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. ჯანმრთელი კაცი იყო, არაფერი აწუხებდა. როდესაც ავად გახდა, „ლეჩკომბინატში“ დავაწვინეთ. შემდეგ გვთხოვა, წყნეთის აგარაკზე წაგვეყვანა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა და სახლში მშვიდად უნდოდა ბოლო დღეების გატარება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოთახში, სადაც იწვა, ბოძი გაიბზარა. ალბათ, ესეც რაღაცის მანიშნებელი იყო...“

დღემდე უცნობია, ვის უძღვნა გიორგი ლეონიძემ  მეუღლის ეფემია გედევანიშვილის სოფელში, ხალხური ლექსის მოტივებზე შექმნილი ულამაზესი ლექსი „ყივჩაღის პაემანი“

ყორღანებიდან
 გნოლი აფრინდა,ყაბარდოს ველი გადაიარა,ისევ აღვსდექიმუხრანის ბოლოსჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედარაგვზედ ისევ ჰყვავიანხოდაბუნები თავთუხებისა,შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახემიწურვილ იყოროცა ზაფხული რუსთაველისა,ნეტამც ბადაგი არ დამელიადა იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნეშემოვამტვერე გზები ტრიალი,მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,დაბადებულა ვინც კი ყივჩაღადმუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდიმომხვიე ხელი ჭრილობას,ვეღარა გხედავსისხლით ვიცლები...როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდიგეძახი ათას წლის მერე,დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;ვარდის ფურცლობის ნიშანი არიდა დრო ახალი პაემანისა!..

0 коммент.:

Отправить комментарий