მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და ენა-ლიტერატურის ყველა მოყვარულისთვის.

ბლოგი შექმნილია მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის,ენა-ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. იმედია, მოგეწონებათ სავარჯიშოები და ხალისით შეასრულებთ. ისწავლით, ნასწავლს შეიხსენებთ ან, უბრალოდ, საინტერესოდ გაატარებთ თავისუფალ დროს.შეგიძლიათ საკუთარი მოსაზრება კომენტარის სახით დაურთოთ. მსგავსი სასწავლო რესურსის შექმნის ინსტრუქცია მოცემულია ამავე ბლოგზე.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

როგორი იყო ბარათაშვილის შეყვარებული გონჩა ბეიმი?





წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე ახლახან იმყოფებოდა განჯასა და ნახჩევანში, სადაც ბარათაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მან პოეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები მოიკვლია და თბილისში ჩამოიტანა, მათ შორის არის იმ გონჩა ბეიმის პორტრეტი და ლექსები, ქალის, რომელიც შესაძლოა ბარათაშვილის უკანასკნელი სიყვარული იყო.


ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახჩევანში ოთხი თვე მსახურობდა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ სათანადო სამსახური ვერ იშოვა და ისევ განჯაში წავიდა, სადაც მაზრის უფროსად მისი ნათესავი მამუკა ორბელიანი იყო. იქ გარდაიცვალა კიდეც. ბარათაშვილის პირველი საფლავი სწორედ განჯაში, რუსული ეკლესიის ეზოში, გაითხარა. პროფესორ თამარ შარაბიძის თქმით, ახლა იქ ყოფილი საფლავის კვალი უკვე აღარ არის. ამასთან, აღარ არის მუზეუმიც, რომელიც ადრე იყო
განჯის ყოფილი მუზეუმი
განჯის ყოფილი მუზეუმი
განჯაში და ბარათაშვილს ეძღვნებოდა.
განჯისგან განსხვავებით, ნახჩევანში  შემონახულია ის ქუჩა და შენობები, სადაც მე-19 საუკუნეში ჩინოვნიკები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთ ამ სახლში ცხოვრობდა ბარათაშვილიც.
თამარ შარაბიძე ასევე საუბრობს გონჩა ბეიმზე, რომელსაც ბარათაშვილი მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილებში ხშირად ახსენებს და შესაძლოა უყვარდა კიდეც. თავად პოეტი მას ხანის ასულს უწოდებდა, მაგრამ შარაბიძე ამბობს, რომ ნახჩევანის უკანასკნელი ხანის, ქერიმ ხან ქენღერლის ასულებს შორის გონჩა არავის ერქვა, ამიტომ შეიძლება ის უფრო მისი ნათესავი ყოფილიყო.
გონჩა ბეიმი ტატომ სწორედ ნახჩევანში გაიცნო, ხანის სასახლეში, სადაც მეჯლისები იმართებოდა. მაშინდელი ხანის მემკვიდრეები უკვე რუსეთის გენერლები იყვნენ და სამშობლოშიც, გარკვეულწილად, რუსულ ყაიდაზე ცხოვრობდნენ. ამის გავლენა იყო ლიტერატურული სალონებიც, რომელსაც ნახჩევანში მეჯლისები ერქვა. გონჩა ბეიმი თავადაც წერდა ლექსებს. თამარ შარაბიძემ აზერბაიჯანის ბიბლიოთეკაში მიაკვლია ანთოლოგიას, სადაც გონჩა ბეიმის ლექსებიც არის შესული და ახლა მისი ქართულად თარგმნა აქვს განზრახული.
„ბარათაშვილსაც უნდოდა ამის თარგმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, თარგმნა თუ არ თარგმნა ეს უკვე აღარ ვიცით. არ მოგვეპოვება ეს თარგმანი. აღარ გაუგზავნია მაია ორბელიანისთვის“.
განჯის რუსული ეკლესია
განჯის რუსული ეკლესია
გონჩა ბეიმი ძალიან ადრე გათხოვილა და შემდეგ უკვე ცდილობდა ქმარს გაშორებოდა, რაც იმდროინდელ კავკასიაში ადვილი საქმე არ იყო. მათი გაყრის საკითხი მაზრის უფროსს უნდა გადაეწყვიტა. ამ თანამდებობაზე მაშინ ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი იყო დანიშნული. თვით მელიქიშვილი ამის შესახებ წერს:
„ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო, მე როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები“.
შემდეგ კი საქმე სხვაგვარად შეტრიალდა:
თამარ შარაბიძე
თამარ შარაბიძე
„თუმცა, შემდეგ წერილში ბარათაშვილი უარყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ქალისადმი და მაია ორბელიანს სწერს, რომ თქვენ სხვანაირად გამიგეთ, მე ეს ქალი ქმარს შევარიგე და მისი ისტორია ისეთია, რომ მთელი რომანი დაიწერებაო. ჩვენ, ლიტერატორებს, ეს გვაინტერესებს იმ კუთხით, რომ ბარათაშვილმა ნახჩევანში ორი ლექსი შექმნა და ეს ორივე ლექსი სატრფიალო ხასიათისაა. განსხვავდება სხვა ლექსებისგან, რომელთა ადრესატი ეკატერინე ჭავჭავაძეა. განსხვავდება თავისი წყობით, რითმულობით, თუნდაც იმით, რომ აქ არ არის ცისფერთვალება ასულისადმი ტრფობა. ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ეს ორი ლექსი გონჩა ბეიმისადმი არის მიძღვნილი“, – ფიქრობს თამარ შარაბიძე.
„მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო.
დღისით მზევ. ღამით მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვსცემ შენსა სახელსა;
დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!“
ეს არის ლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, გონჩა ბეიმს ეძღვნება. თამარ შარაბიძე ამბობს, რომ თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, რამდენიმე გონჩა ბეიმი ყოფილიყო, მაგრამ მისივე თქმით, ნახჩევანში დარწმუნებულები არიან, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი სწორედ ისაა, რომელსაც ბარათაშვილი ახსენებდა. გონჩა ბეიმის ფოტო იქ ხანის მუზეუმშიც ინახება და ლიტერატურის მუზეუმშიც.
ხანის სასახლე
ხანის სასახლე
„ნახჩევანში ეს ისტორია უფრო განთქმულია და იციან და სპექტაკლიც კი დაუდგამთ, სადაც ბარათაშვილის როლს თავად თეატრის ხელმძღვანელი ასრულებდა. სპექტაკლი შეეხებოდა ბარათაშვილისა და გონჩა ბეიმის ტრფობას“.
თამარ შარაბიძე ამბობს, რომ ბარათაშვილი, მიუხედავად თავისი სევდიანი ბუნებისა, მთლიანად ჩართული იყო განჯისა და ნახჩევანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქტიურად დადიოდა იქაურ მეჯლისებზე და პლუს თავის წერილების ადრესატებისგან თბილისური ჭორების გამოგზავნასაც ითხოვდა.
თბილისში ბარათაშვილი ყველას იცნობდა და მაღალი წრის საზოგადოების მუდმივი სტუმარი იყო. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ვარაუდით ვიცით, რომ ჩახრუხაძის N17, სადაც ახლა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმია, მართლაც მისი სახლი იყო. მუზეუმში უშუალოდ ბარათაშვილის კუთვნილი ნივთები შემორჩენილი არაა. მუზეუმის კურატორის, ციალა ჯანყარაშვილის თქმით, აქ, უბრალოდ, შექმნილია გარემო, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისური არისტოკრატიისთვის იყო დამახასიათებელი: როიალი, ლომბერის მაგიდა ბანქოს სათამაშოდ, საწერი მაგიდა...
„ასევე საინტერესოა მე-19 საუკუნის კუთხის სავარძელი, რომელიც არის საკმაოდ უცნაური ფორმის – მასზე მჯდომ პიროვნებას შეეძლო ერთდროულად სხვადასხვა პირისთვის მიემართა. ასევე არის თარი. ცნობილია, რომ ბარათაშვილებს ჰქონდათ ოჯახში თარი და ამიტომ ჩვენთვის ძვირფასია ეს ექსპონატი“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი ამჯერად დროებით დაკეტილია და როგორც მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინო სანადირაძე ამბობს, განახლებული სახით, ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.

вторник, 4 июля 2017 г.

“სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვს”

1915  წელს  გარდაიცვალა  აკაკი წერეთელი. ვაჟამ  გამომცემლობას  მისწრა:

,,გავიგე  აკაკი  დიდი  ამბით  დაგიკრძალავთ. მჯერა , ეგრე  იქნებოდა.ისიც  ვიცი, რომ ჩემი  სიკვდილის  შემდეგ  ჩემთვის  კარგი  ადგილი  გაქვთ  შერჩეული  და  დიდის  პატივით  მიპირებთ  დასაფლავებას,  მაგრამ  სანამ  მოვკვდები, ქინებ,  ჩემი  ჰონორარი გამომიგზავნოთ, თორემ  სრულიად  მშიერი  ვარ   და  საჭმლის  ფული  აღარ  მაქვს"..

среда, 29 марта 2017 г.

ვაჟას პირველი სიყვარული და გენიოს ფშაველზე შეყვარებული ქალები

ვაჟას პირველი სიყვარული და გენიოს ფშაველზე შეყვარებული ქალები       

წყარო

ვაჟა ფშაველამ ცხოვრება მძიმე შრომასა და სიღარიბეში გაატარა და პირად ცხოვრებაშიც უიღბლო აღმოჩნდა - საყვარელი ქალი სრულიად ახალგაზრდა გამოეცალა ხელიდან...

იას უთხარით ტურფასა/ მოვა და შეგჭამს ჭიაო,/ მაგრე მოხდენით ლამაზო/ თავი რომ აგიღიაო! / შენ თუ გგონია სიცოცხლე/ სამოთხის კარი ღიაო,/ ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, / მოსვლაში არა ყრიაო./ ნუ ნახავ მზესა, ინანებ/ განა სულ მუდამ მზეაო! / მიწავ, შენ გებარებოდეს/ ეს ჩემი ტურფა იაო, / შენ უპატრონე, უმშობლე, / როგორაც შენი ზნეაო... - 
ამ ლექსით დაიტირა ვაჟამ თავისი პირველი სიყვარული და თავისი ოთხი შვილის დედა. 

ვაჟა ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) სოფელ ჩარგალში 1861 წლის 26 ივლისს დაიბადა. ვაჟას მამა - პავლე რაზიკაშვილი სოფლის მღვდელი იყო. დედა - გულქან ფხიკელაშვილი კი განათლებული ქალი და ნიჭიერი მოლექსე გახლდათ. ვაჟა ფშაველას ოთხი ძმა და ერთი და ჰყავდა.

თელავის სასწავლებლის შემდეგ ვაჟამ სწავლა გორის საოსტატო სემინარიაში გააგრძელა, სადაც სოფლის სკოლებისთვის პედაგოგებს ამზადებდნენ. 
1885 წლიდან პრესაში ვაჟას ლექსები, წერილები და მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ გამოჩნდა, მაგრამ ცხადი იყო, ამით თავს ვერ ირჩენდა და პოეტმა სამსახურის ძიება დაიწყო.

1885 წელს ვაჟა-ფშაველა ოთარ ამილახვრის ოჯახში თავადის შვილის მასწავლებლად მიიწვიეს. 
სწორედ ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი და მისი ცოლის მოახლე, სათნო და მშვიდი ბუნების კეკე ნებიერიძე. დედას კეკე ადრეულ ასაკში გაუთხოვებია, მაგრამ ქალი ადრევე დაქვრივებულა და უშვილძიროდ დარჩენილი ისევ მამის ოჯახში მიბრუნებულა, სადაც ამილახვრის ცოლის მოახლედ მუშაობდა. სანამ გრძნობას გაუმხელდა, ვაჟას უამბია კეკესთვის, რა რთულ პირობებში უხდებოდათ ქალებს მთაში ცხოვრება, თუმცა კეკე ცოლობაზე მაინც დასთანხმებულა. ფშავში თბილი და მშვიდი ბუნების პატარძალი ძალიან მოსწონებიათ. 
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მწერალი მურად მთვარელიძე ამბობს, რომ კეკე ფაქიზი ბუნების ადამიანი იყო და კარგად იცოდა თავისი ქმრის ფასი. „ცოლ-ქმარი იმდენად კარგად უგებდა ერთმანეთს, რომ ფიცხი ბუნების ვაჟასთვის კეკეს ერთი დაყვავებაც საკმარისი იყო დასამშვიდებლად“, - აღნიშნავს მეცნიერი.

პირველი სიყვარული ვაჟას 10 წლის ასაკში სწვევია, თუმცა მისი სიყვარულის ობიექტის ვინაობა უცნობია. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში პოეტი წერს: 
„10 წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ, ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა. მე კი, თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი მის გამო. თუ ცოტა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავი იქ, საცა ჩემი „სატრფო“ მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი მისი ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს!“ 
ეს იყო მწერლის, ასე ვთქვათ, პირველი გაუბედავი გატაცება. 

1885 წლის შემოდგომაზე ვაჟა თამარაშენის დიდმა ფეოდალმა ოთარ ამილახვარმა თავისი შვილის, გიორგის მასწავლებლად მიიწვია. ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე, რომელსაც შინაურები კეკეს ეძახდნენ. 
ვაჟას მთელი არსებოთ შეუყვარდა კეკე და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. მცირე ყოყმანის შემდეგ, დიდმა კნეინამ ვაჟას ქორწინებაზე ნება დართო და ვაჟამაც ქალი ფშავში წამოიყვანა. იმ ღამეს და მეორე დღეს პავლე რაზიკაშვილის ოჯახში დიდი მხიარულება იყო. ვაჟამ და კეკემ კარგი ოჯახი შექმნეს და ცხოვრება ააწყვეს. კეკე შინაგანად ფაქიზი ადამიანი გახლდათ. რაც მთავარია, მან იცოდა თავისი ქმრის ფასი და ცდილობდა, მისთვის ყოფითი ტვირთი შეემსუბუქებინა. სათნო ბუნების რძალი ძალიან შეიყვარეს ვაჟას ძმებმა. მაზლები პატარა ტანის კეკეს ბავშვივით ხელში აიყვანდნენ და ისე ათამაშებდნენო, - იგონებდნენ ვაჟას მეზობლები. ვაჟა ბუნებით ფიცხი ადამიანი იყო. უცებ აფეთქდებოდა რაღაცაზე. კეკე გაიქცეოდა, ყელზე შემოეხვეოდა და ვაჟაც უცბად მშვიდდებოდა.
17 წელი იცხოვრეს ვაჟამ და კეკემ ერთად და ოთხი შვილი: თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი შეეძინათ. ბარში გაზრდილმა პატარძალმა კარგად აითვისა ფშაველთა საქმიანობა და ზნე-ჩვეულებები. თითქოს ვაჟას ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა...“
1902 წელი იყო, როცა მეხუთე შვილზე ფეხმძიმე კეკეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამ დროს ვაჟა ყვარელში, დასთან სტუმრობდა. კეკესთან, ბავშვების გარდა, არავინ იყო. პატარები ვერ მიმხვდარან, რომ დედა გარდაიცვალა. კეკეს გარდაცვალების შესახებ მეზობლებმა მაშინ გაიგეს, როდესაც შიშველი ბავშვები ეზოში გამოცვივდნენ. მურად მთვარელიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ვაჟაზე ძალიან უმოქმედია მეუღლის გარდაცვალების ცნობას და მეორე დღესვე სახლისკენ წამოსულა, თუმცა კეკე მის დაბრუნებამდე მიაბარეს მიწას.
1902 წლის ზამთარი იყო, როცა ვაჟა ყვარელში თავის დასთან, მართასთან გაემგზავრა სანადიროდ და ოჯახის საჭიროებების გამო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა კეკე. თედომ იფიქრა, ვაჟა მაინც ვერ ჩამოუსწრებსო და მიცვალებული მესამე დღეს მიწას მიაბარა. ლუკასთან კაცი გაუგზავნიათ ამბის შესატყობინებლად. უბედურების მაცნემ მაშინ მოუსწრო, როცა ვაჟას ტყიდან ნანადირევი გამოჰქონდა. ლუკა ძალიან დაღონებულა, ხის მორზე ჩამომჯდარა და ერთსა და იმავე ლექსს იმეორებდა: „ე მაში ბაწარა დავდე, / ა, ის ბაწარა რა იქნა, / მოიპარავდა სიკვდილი / მაინც ქურდია, მაინცა“.


დის სახლში დაბრუნებულ მწერალს ყველა თანაგრძნობით დახვდა. ვაჟას დისშვილი ამ დღეს ასე იხსენებს: მოსვლისთანავე ვაჟამ ცხენი იკითხა. ცხენი რად გინდაო, შეეკითხა დედაჩემი, ცხენი ბალახზე აბიაო. იმიტომ, რომ ცოლ-შვილი გამწყვეტია და ამაღამვე უნდა წავიდეო. დედაჩემმა ტირილი დაიწყო და შემეკითხა, ვინ გითხრათო. მე ვუამბე, როგორც გავიგეთ. მაშინ დედაჩემი მიუბრუნდა და უთხრა, ამაღამ წასვლით საქმეს აღარ ეშველება და შევემზადოთ, ხვალ მეც მოვდივარ და ერთად წავიდეთო. ვაჟა დასთანხმდა, გაუხარდა, რომ დედაჩემი მიჰყვებოდა. მოგროვდნენ მეზობლები ტირილით და თანაგრძნობის გამოცხადებით. ჩამოვართვით თოფ-იარაღი, შევედით სახლში. ვაჟა წამოწვა ტახტზე, გამშრალია. თვალიდან ცრემლი არ ჩამოვარდნია. დედაჩემმა უთხრა მეზობლებს, არ წასულიყვნენ და გაერთოთ როგორმე. თვითონ ვახშმის სამზადისს შეუდგა. ყველა ცდილობს, რომ რაღაც სანუგეშო უთხრას. ვაჟა ხმას არ იღებს და განაგრძობს ტახტზე წოლას და განუწყვეტლივ თუთუნს წევს. ვახშამი დამზადდა, სუფრა გაიშალა. ვაჟა საჭმელს არ დაჰკარებია, სასმელს კი სვამდა. მეზობლები თითოობით გადიან. ბოლოს მარტო ჩვენღა ვრჩებით და მეტე ისევ ღვინოს უმარჯვებს. ეს უარს არ ამბობს, მაგრამ სასმელი მას არ ეკიდება. არავითარ გავლენას არ ახდენს. ვაჟა ისევ ფხიზელია. გამტკნარებულია. დედაჩემი ანუგეშებს, თან არიგებს, როგორ მოიქცეს. ეჰ, დაო შენ რომ ახლოს მყავდე, მე რაღა მიშავს, ჩემს შვილებს ობლობა არ შეეტყობოდათ, მაგრამ ახლა რა ვქნა? ადამიანი არ არის სახლში, რომ პური გამოაცხოს, ბავშვებს გაურეცხოს, გაუკეროს, დააძინოს.  ხომ იცი, ოჯახის არა მესმის რა და არც შემიძლია გავაკეთო ის, რაც ქალის საქმეა. ნიკო რომ იყოს ახლოს, მაშინ კიდევ არა მიჭირდა რა. ჩემი რძალი მიხედავდა ბალღებს, ახლა იმათაც თავის დარდი აწუხებთ. ხომ იცი, ნიკოს როგორ გაგიჟებით უყვარდა ის ბავშვი. მე კიდევაც მეშინია, თავს არა აუტეხოს რა. 
იმ ღამეს არც იმას და არც ჩვენ არ გვძინებია. დედაჩემი სამზადისში იყო. არც ადვილი იყო ამ ცივ ზამთარში მგზავრობა. ყვარელიდან ჩარგლამდე სულ უკანასკნელი 3-4 დღე უნდოდა. ვინ იცის, კიდევ რა ამინდი დადგებოდა. გათენდა. დედამ ცხენები შეკაზმა, ხურჯინები გადაჰკიდა და ელის ვაჟას გამოსვლას. 
ის თავჩაღუნულია. ვერა ხედავს, გარშემო რა ხდება. ხანდახან ხელს ჩაიქნევს და ისევ ერთ ადგილს მიაჩერდება“.

უქალოდ დარჩენილი წვრილშვილიანი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. პატარებზე ზრუნვა ვაჟას ძმის ბაჩანას ცოლმა იტვირთა, მაგრამ მას თავისი ოჯახიც მისახედი ჰყავდა. დაღონებული „მთის არწივი“ დარდს შრომასა და შვილებზე ზრუნვაში აქარვებდა და უხალისოდ უსმენდა ახლობლების შეგონებებს მეორე ცოლის მოყვანაზე. 
კეკეს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ვაჟა მიხვდა, რომ ოჯახისა და ბავშვების მოვლას მარტო ვეღარ შეძლებდა და ახლობელთა რჩევას დაჰყვა. საცოლედ გიორგი დიდებულიძის შვილის თამარის კანდიდატურა ბესო შანიძემ შეურჩია და მწერალი ისე დასთანხმდა, რომ ქალი თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. კეკესგან განსხვავებით, თამარი ზორბა ქალი აღმოჩნდა. ამან ვაჟა გაახარა - მთის პირობებს უფრო აიტანსო. გიორგი დიდებაშვილს ვაჟასთვის ხელწერილი ჩამოურთმევია, სადაც ეწერა, რომ  ვაჟას თამარი მიჰყავს ხასად, მისივე სურვილით და სიტყვას იძლევა, რომ მოუვლის შეძლებისდაგვარად კარგად. „მისგანაც ველი, არ მიმიყვანოს იქამდე, რომ დავითხოვო სახლიდან. და თუ შევნიშნე სიკეთე და მოხერხებული იქნება, უნდა ჯვარი დავიწერო შენს ქალს თამარზე...“ 
ვაჟამ და თამარმა სიცოცხლის ბოლომდე ერთად იცხოვრეს და ერთი საერთო შვილი - ვახტანგი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ თამარი გერებს მზრუნველობას არ აკლებდა, ბავშვები მის დედინაცვლობას მაინც გრძნობდნენ. ვაჟას შვილი გულქანი იხსენებდა, რომ თამარი ცივი ქალი იყო და არ სიამოვნებდა, როცა ვაჟა კეკეს იხსენებდა. ზოგი მკვლევარი იმასაც წერს, რომ ვაჟასა და თამარს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. კეკესგან განსხვავებით, თამარი მატერიალურზე დამოკიდებული ქალი ყოფილა და არ შეეძლო, გაეგო, როგორ შეიძლება ადამიანს ხვნა-თესვის დროს წერის ჟინმა მოუაროს და მუშაობა მიატოვოს. ვერ ხვდებოდა, რომ ვაჟა სხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მიწიერი პრობლემები ნაკლებად უნდა მოეხვია მისთვის თავზე. „ოჯახზე რომ არ ფიქრობდა და სულ ქვეყანაზე ფიქრობდა, რა მისცა ვაჟას ქვეყანამ?!  მშიერ-ტიტვლები დაგვტოვა და მიწაშიც მშიერი და ტიტველი წავიდა“, - ეს თამარ დიდებაშვილის სიტყვებია, რომლებიც გულქან რაზიკაშვილის მოგონებებმა შემოინახა.
მწერალი მურად მთვარელიძე კი დარწმუნებულია, რომ თამარმა უცებ აუღო ალღო ვაჟას ხასიათსა და მის ოჯახს. კარგი დედობა გაუწია ვაჟას შვილებს მის ობლებს მზრუნველად ექცა, ხოლო გენიოს მეუღლეს - სულის მოზიარედ: 
- მიმაჩნია, რომ თამარი ვაჟას ერთგულ მეგობრად იქცა ჭირსა თუ ლხინში. სრულიად ვეთანხმები თამართან დაკავშირებით მკვლევარ ნინო ჩიხლაძის დასკვნას: „თამარის პიროვნების გაცნობამ ღრმად დამარწმუნა, რომ მართალია, თამარს კლასიკური განათლება არა აქვს, მაგრამ მასში არის შინაგანი კულტურა, რაღაც შინაგანი ძალა. მისი სახით ვხედავთ ნამდვილ ქართველ ქალს, რომელიც ყოველთვის ვაჟასთან იყო, ესმოდა მისი და ყოველთვის ხელს უწყობდა მისი შემოქმედების განვითარებას. თამარი ვაჟას პოეზიის საგანი იყო. თამარს უზიარებდა ვაჟა თავის ფიქრსა და აზრს, როგორც ნამდვილ სულიერ მეგობარს“.
თამარს თბილისი არასოდეს ენახა და ვაჟა სულ ჰპირდებოდა, რომ თბილისში ჩაიყვანდა. საბოლოოდ, მან პირობა შეასრულა - თამარი თბილისში თავის დაკრძალვაზე ჩაიყვანა. 
„თბილისი პირველად მის დასაფლავებაზე ვნახე. მკათათვე იყო, ზაფხული. ვთქვი კიდეც მაშინვე - ამ სიცხეში რა გააძლებინებდა-მეთქი. გული მიწუხდა, ისეთი სიცხე იყო. იმოდენა ხალხში აღარ ვიცოდი, რა მექნა. მრცხვენოდა.. ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი“, - წერდა თამარი თავის მოგონებებში. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ გარდაცვალების შემდეგ, თამარ დიდებაშვილი დიდუბის პანთეონში, ვაჟას ნასაფლავარში დაეკრძალათ, ხოლო გენიოსმა პოეტმა მთაწმინდის პანთეონში დაიდო ბინა. 
ვაჟა სხვა სამყაროში იყო. ის ყველაფერზე და, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების სიყვარულზე მაღლაც იდგა...

პოეტის ჯანმრთელობა მძიმე ფიზიკურმა შრომამ თანდათან შეარყია. 1915 წელს ვაჟა ტუბერკულოზით დაავადდა სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს. საავადმყოფოს პალატაში გამოკეტილ, მომაკვდავ პოეტს მთის წყალი და ტყეები ენატრებოდა, ამიტომ ლოგინი იატაკზე დაუგეს და ზედ მინდვრის ყვავილები მიმოუფინეს. 
1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე გარდაიცვალა. 
ამბობენ, რომ როცა ვაჟას ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენეს, პანაშვიდზე თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი ხმამაღალი ტირილით შესულა. ეს ქალი ვაჟაზე უიმედოდ შეყვარებული ულამაზესი ნინო ფურცელაძე ყოფილა. თავის დროზე, ვაჟას მის სიყვარულზე უარი უთქვამს, - თქვენ მთაში ვერ გაძლებთ და მე ბარადო. ნინოს საკუთარი თავისთვის პირობა მიუცია, რომ ვაჟას გარდა არავის გაჰყვებოდა ცოლად და პირობა შეუსრულებია. 
ვაჟას სიკვდილის შემდეგ ნინოს დიდხანს აღარ უცოცხლია. იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილს დებმა საფლავში ვაჟას სურათი ჩააყოლეს...


    იაკობ გოგებაშვილის მარტოობის საიდუმლო


    უკვდავი „დედაენის“ შემქმნელი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ მისი თანამედროვეები, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას მიუძღვნა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, საკუთარი ოჯახი და შვილები არასდროს ჰყოლია... თუმცა საზოგადოების თვალს მიღმა რეალობა სულ სხვა იყო...
    „ჩემი და ილია ჭავჭავაძის ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ქართველი ერის წინაშე მიუძღვის. ქართველი მწერლების ნაწერებს დღეს თუ

    „კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო,“ - ასე იხსენებდნენ იაკობ გოგებაშვილს მისი თანამედროვეები.

    უკვდავი „დედაენის“ შემქმნელი და საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას მიუძღვნა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ საკუთარი ოჯახი და შვილები არასოდეს ჰყოლია.
    წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა კაცის უშვილძიროდ გადაგების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამხდარა.
    ამავე მიზეზით იაკობ გოგებაშვილი იძულებული იყო, 1963 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლა შეეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე იაკობზე ცუდად იმოქმედა და ტუბერკულოზით დაავადდა.
    სუსტი ფილტვები მწერლის განაჩენად იქცა და ახალგაზრდა მამაკაცს პირად ცხოვრებაზე უარი ათქმევინა, სამაგიეროდ, მწერალი გაასმაგებული ენერგიით შეუდგა საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობას...

    1879 წლიდან იაკობ გოგებაშვილი იოსებ მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელმაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას შეუწყო ხელი.
    იოსებ მამაცაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი იაკობმა საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა, მაგრამ ვერაგი დაავადების გამო იძულებული იყო, ბედნიერებაზე უარი ეთქვა.

    იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, მწერლის მშობლიურ რაიონში ელენე იაკობის ასული გოგებაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც ზოგიერთები იაკობის შვილად მიიჩნევდნენ.
    ამბობდნენ, რომ იაკობს ელენე მოახლისგან შეეძინა, რომელიც მწერლის სახლიდან წამოვლის შემდეგ, მეჯვრისხევში დასახლდა.
    არსებობს ინფორმაცია, რომ მწერალი ყოფილი მოახლის ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდა და როცა ელენე გათხოვდა, მზითვად ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები უყიდა.
    ელენეს სახლში იაკობ გოგებაშვილის ნაჩუქარი და მისი ხელმოწერით დამშვენებული ნივთები ინახებოდა, მათ შორის - სპილენძის ქვაბები და ვერცხლის დანა-ჩანგლები.
    იმასაც ამბობენ, რომ ელენე გოგებაშვილის ხუთი შვილიდან ყველა განსაკუთრებული ინტელექტით და ნიჭიერებით გამოირჩევა.
    ზემოთ ხსენებული ვერსიის სანდოობაზე თავს ვერ დავდებთ, თუმცა ის კი ფაქტია, რომ იმ მოახლე ქალის წასვლის შემდეგ მწერალს სახლში მოახლედ მხოლოდ მამაკაცები ჰყავდა.

    სახელოვანი მწერლის პირად ცხოვრებასა და მარტოობის მიზეზებზე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომელ თინათინ შაქარაშვილს ვესაუბრეთ:

    - ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ტუბერკულოზი კი იმ დროს განუკურნებელ და მემკვიდრეობით გარდამავალ სენად მიიჩნეოდა.
    იაკობის მთელი ოჯახი - დედა და და-ძმაც ფილტვებით დაავადებულები იყვნენ. იაკობის უფროსი ძმა სრულიად ახალგაზრდა შეეწირა ამ დაავადებას.
    მწერალი, რომელიც ხანდახან თვეობით ლოგინად იყო ჩავარდნილი და იტანჯებოდა, ცოლ-შვილს ასეთი ტანჯვისთვის ვერ გაიმეტებდა და ოჯახის შექმნაზე უარი თქვა.
    ამის დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი ან მიმოწერა არ არსებობს, თუმცა, ცნობილია, რომ იაკობი იოსებ მამაცაშვილის ქალიშვილ დარიაზე იყო შეყვარებული. იოსების ძმა, კონსტანტინე მამაცაშვილი გადამდგარი პოლკოვნიკი იყო და შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მის სახლში ლიტერატურული სალონი ეწყობოდა, სადაც ახალგაზრდობა იკრიბებოდა.
    სწორედ ასეთი შეკრებების დროს ჩაეყარა საფუძველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
    სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა და შეუყვარდა იოსებ მამაცაშვილის ქალიშვილი იაკობ გოგებაშვილს, რომელიც ამ საზოგადოების სული და გული იყო.
    ცნობილია, რომ იაკობს ქალიშვილიც თანაუგრძნობდა და სხვებიც ოჯახის შექმნისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ თავისი დაავადების გამო იაკობმა დარია მამაცაშვილთან დაქორწინებაზე უარი თქვა.

    - დარიას გარდა, იაკობის ცხოვრებაში სხვა ქალი არ ყოფილა?
    - 40 წელი გავიდა, რაც ამ მუზეუმში ვმუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ შემორჩენილია იაკობის უამრავი წერილი და პუბლიკაცია, მაგრამ ყველა მხოლოდ საქმიანია. არსად პირადი გრძნობები არ ჩანს.

    - ალბათ გსმენიათ მოარული ჭორები, რომ მწერალს ჰყავდა შვილი თავისი მოახლისგან...
    - მოარული ჭორი მოარული ჭორია, რომლის არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა.
    გასავალი აქვს, იაკობ გოგებაშვილს უნდა ვუმადლოდეთ. იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ერს ქართული ენის სიტკბოება ჩააწვეთა, ქართული ენა შეაყვარა“- წერდა აკაკი წერეთელი იაკობ გოგებაშვილზე.

    იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში მეფის რუსეთის პოლიტიკა ქართული ენის ძირფესვიანად ამოშანთვას ცდილობდა - სკოლებში ქართული ენის ხსენება აკრძალული იყო, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა და საუბრობდა...
    იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ შექმნილ  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩაება და მიზნად მომავალი თაობის ქართული ენისკენ შემობუნება დაისახა.

    1865 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“;
    1868 წელს - „ბუნების კარი“;
    1872 წელს - „დარიგება მოსწავლეთათვის,  როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“;
    1876 წელს - „დედა ენა“, რომელიც ძალიან მალე ქართველების უპირველესი და საყვარელი წიგნი გახდა.

    მეფის რუსეთს იაკობ გოგებაშვილის სამწერლო და საზოგადოებრივი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია.  მწერალი „საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად“ გამოაცხადეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს და სახელმწიფო ბინაც ჩამოართვეს.
    უსამსახუროდ, უბინაოდ და უფულოდ დარჩენილმა მწერალმა მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას და სხვათა დახმარებას მიუძღვნა და წიგნების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს მთლიანად წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გადასცემდა.
    ბავშვების უზომოდ მოყვარული მწერალი ღარიბ მოსწავლეებს მატერიალურად ეხმარებოდა. გამუდმებით უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტებს.
    მისი შუამდგომლობით, სტიპენდია მიიღეს შემდგომში გამოჩენილმა კომპოზიტორებმა ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა.

    იაკობ გოგებაშვილი 1912 წლის 1 ივნისს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ თავისი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა ქართველ ხალხს უანდერძა.
    იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი, შალვა გოგებაშვილი იხსენებს:
    „როდესაც იაკობი დაასაფლავეს და მისი ქონების განაწილებაზე მიდგა საქმე, მის ნათესავთა და მეგობართა შორის, კუთხეში იდგა ცრემლმორეული პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძე. როდესაც ჰკითხეს, შენ რაღას წაიღებო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს, რომელზეც არავინ არა სდავობდა და წყნარად სთქვა: მე კიდევ აგერ ეს ჯოხი მომეცით სახსოვრადო“.
    იაკობ გოგებაშილი დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს.
    1940 წელს, დაბადების 100 წლისთავზე, დიდი ქართველის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.